გამარჯობა მეგობრებო!
ვისაც ცოტა დრო აქვს ან კითხვა ეზარება, მეოთხე აბზაციდან დაიწყოს...
თბილისის ბაზარზე კრიზისია.

ასე ორი კვირა იქნება, ფერად 36 კადრიან ფირს ვერ ვშოულობ ვერსად. არც ფოტო-სამყაროში აქვთ და არც "კონიკა მინოლტაში" (თუ რა ქვია იმ მაღაზია/სალონს, "დაბეჭდე ყველა ფერი", სლოგანი რომ აქვთ)... სიმართლე რომ ვთქვა, სხვაგან ფირს არ ვყიდულობ ხოლმე, ამიტომ არც მიძებნია მეტი. ფირით თუ ვიღებ, თორმეტ და ოცდაოთხ კადრიანს რატომ ვიყიდი (?) არც ეკონომიურია და არც პრაქტიკული. მაგრამ სხვა რა გზა მაქვს თუ სხვას ვერ ვშოულობ...
დღეს სახლში ვიჯექი უსაქმოდ და ვიფიქრე ავდგები, გავივლ-დამოვივლი და ერთი ორ სურათს გადავიღებ-მეთქი. ასე მოწადინებული ჩავედი ეზოში და მთელი ქუჩა მოვიარე, სადაც მაღაზია იყო ყველგან ვიკითხე, მაგრამ ფირი გასაყიდად არავის ქონდა. ბოლოს ერთგან მაჩვენეს, ფირის ვადას რომ დავხედე კინაღამ გულმა დამარტყა

ალბათ დაგებადათ კითხვა, -რატომ ეძებდა ეს კაცი ფირებს უბნის მაღაზიებში, ფირი ხომ სურსათი არა არის?
როგორ დაგიმალოთ და ლოგიკური კითხვაა. დღეს მე ჩემი უბნის ახლო-მახლო გორებისა და მინდვრების მომენხალუება მომინდა, სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე გარეთ გასვლა. იმ იმედით, რომ 5-6 მაღაზიიდან, რომელსაც ვიტრინაზე აწერია "1001 წვრილმანი", ერთს მაინც აღმოაჩნდებოდა ფირი, მე თადარიგი აღარ დავიჭირე და სამი საათს გადაცილებული იყო, ქუჩაში რომ გავედი. როგორც უკვე გითხარით, მოვიარე მთელი ქუჩა და იმედგაცრუებული უკანასკნელ აზრს ჩავებღაუჭე. -როგორ შეიძლება ხიპერმარკეტ გუდვილში ფირი არ იყოს, ვუთხარი ჩემ თავს.
არ ვიცი რა ღმერთი გამიწყრა, მაგრამ ფირის საყიდლად მელიქიშვილზე გასვლა მომიწია. გუდვილში თავაზიანი უარი მითხრეს ღიმილიანი სახით. გამოვედი და პირველივე შემხვედრ ტრანსპორტს გავყევი. ასე აღმოვჩნდი ნაძალადევის მეტროსთან. გამარჯვებულის ნაბიჯებით გავუყევი გზას, მახსოვდა იქვე საჯარო რეესტრთან დიდი ღიაცისფერი მაღაზია, რომელშიც ადრე მე პირადობისთვის სურათი გადავიღე. მივადექი იმ ადგილს და წინ "ნიკორას" მაღაზიის ვეებერთელა ვიტრინები დავინახე. შემდეგი იმედგაცრუება არ შემიმჩნევია და ვიფიქრე ის ადგილი ალბათ ნიკორას გვერდით იქნება ან იმის გვერდით-თქო, მაგრამ ასე ძიებ-ძიებაში ბოლოს ნიჰილისტრუი სიცილი წამსკდა. ჩვენი ფოტო-მაღაზია კარგა ხნის წინ დაუკეტიათ და მის ადგილას სოსისებისა და ძეხვების მაღაზია გაუხსნიათ...
დანებებაზე არც მიფიქრია და ასე ამოვყავი თავი მელიქიშვილზე, ფოტოსამყაროში. კვლავ არ ქონდათ ოცდათექვსმეტიანი ფირი და კვლავ ოცდაოთხიანი ვიყიდე. უკვე შებნდებული იყო შინ რომ დავბრუნდი, რა თქმა უნდა, მთების მონახულება და გასეირნება უკვე შეუძლებელი იყო.
ახლა ვზივარ და კიდევ ისე მეცინება, როგორც ნაძალადევის მეტროსთან, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მეცინებოდა.. ნუ პრინციპში პირდაპირ მელიქიშვილზე რომ წავსულიყავი და ფირი იქ მეყიდა, შეიძლება მომესწრო უკან დაბრუნება და მთებში გავლა, მაგრამ სწორედ იმ მიზეზით გავედი გარეთ, რომ ცოტა ხნით მოვშორებოდი ქუჩის ხმაურსა და ხალხის ლაპარაკს... დღეს ავტობუსში ნამდვილად ვერ ჩავჯდებოდი, მაგრამ როგორც ყველამ დავინახეთ, მაინც მომიწია...
ამ წარუმატებელი დღის შემდეგ, თავს სულაც არ ვთვლი წარუმატებლად. ბოლოს და ბოლოს ფირი ვიშოვე და სხვათაშორის არც თუ ისე ცუდად გავერთე. მაგრამ ამას არაფერი საქმე არა აქვს იმასთან, რისთვისაც ეს თემა გავხსენი. ალბათ თქვენც ერთი სული გაგძვრათ, სანამ ამ ნაწერს ჩაიკითხავდით და მას თემის სათაურთან დააკავშირებდით. უნდა გაგაწბილოთ და ეს არაფერს შუაშია

კოდაკ გოლდი, ეს ის ერთადერთი ფირია, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება. შეიძლება ამ ოცი წლის მანძილზე, რაც მე დავიბადე, დრო და დრო რაიმე სხვა "ბრენდიც" გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მე არ მახსენდება. მართლია პიონერთა სასახლეში გავიღრმავე ფოტოგრაფიის სიყვარული და იქვე ვისწავლე ფოტოს გამჟღავნება/ბეჭდვა (ახლა საერთოდ აღარ მახსოვს) და ის ზოგადი საკითხები, რაზე დაყრდნობითაც ("") დღეს მე ვიღებ, მაგრამ ამის მიუხედავად, არასოდეს მქონია იმის ფუფუნება, რომ პროფესიული ფირით გადამეღო. არც ის უსწავლებიათ ჩვენთვის, თუ რა განსხავვებაა ამ უკანასკნელს შორის და ჩვენთვის ნაცნობ კოდაკის დილეტანტ ფირს შორის.
რამ გადამაწყვეტინა პროფესიულ ფირზე ფიქრი?
სიმართლე გითხრათ მე ჩემი კოდაკ გოლდი სრულიად მაკმაყოფილებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხარისხი ჩემთვის ნორმლური აქვს და მეორე იმიტომ, რომ ჩემი აპარატის მონაცემები არ მოითხოვს და ვერც აკმაყოფილებს პროფ. ფირის მოთხოვნებს. მაგრამ დიდი სიამოვნებით გადავიღებდი შავ-თეთრი ფირით. დღეს ალბათ ვადაგასულ კომუნისტურ მარაგს თუ წააწყდები სადმე.. და კიდევ მაინტერესებს არიან აქ ისეთები ვინც კოდაკ გოლდს არ მოიხმარს?.. და სად ყიდულობენ სხვაგან?.. ასევე მაინტერესებს, თქვენი აზრით, რატომ არ შემოაქვთ ქართულ კომპანიებს, თუნდაც "ფოტო-სამყაროს", პროფ. ფირები?..
მე ჩემი ბიზნეს ინტუიცია მკარნახობს, რომ ფირების ფასი საგრძნობლად გაიზრდება მომავალში. ეს აზრი ლოგიკურიც უნდა იყოს ალბათ, რადგან მას შემდეგ, რაც ბაზარზე იაფფასიანი ციფრული აპარატები გამოჩნდა, მომხმარებელი ნაკლებად გამოიყენებს ფირს. ციფრი უფრო ეკონომიური უჯდება და თავისი ვიწრო გაგებით ფიქრობს, რომ უფრო ხარისხინი ფოტოს გადაღებასაც შეძლებს.. ცუფრული აპარატი დღეს ყოველ საშუალო სოც. ფენის ადამიანს აქვს, ასე რომ ფირზე მოთხოვნა შემცირდა. ეს კი მხოლოდ იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ იმპორტიორებს ფირის ნაკლები ინტერესი ექნებათ. მომავალში კი ალბათ საერთოდ შეწყვეტენ შემოტანას ან გააძვირებენ (რაც ძნელად იშოვება და ცოტაა, ძვირი ღირს).
ვდგავართ თუ არა კრიზისის ზღვარზე, რადგან ფირის მარაგი როგორც მოგახსენეთ იწურება, ეგ რთული გასარკვევი და გაზვიადებული ნათქვამია. მაგრამ ჩემი აზრის უგულებელყოფაც არ იქნება ჭკვიანური.
ეს პრობლემა ალბათ მსოფლიოს პატარ-პატარა ჯგუფესაც შეაწუხებთ, მათ ვისაც ფირის ფოტოგრაფია უყვარს, რადგან ალბათ ფირით გადაღება ფუფუნებად იქცევა, ჩემი აზრით.
მე მოგახსენეთ ჩემი არაკომპეტენტური და ჩემს ლოგიკას მინდობილი აზრი. ასე რომ ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი აზრიც მაინტერესებს. იქნებ ვინმეს გაუგია ოფიციალურად მსგავსი რამ, ან რას ამბობს კოდაკი ამასთან დაკავშირებით?..
და საბოლოოდ მოგახსენებთ იმასაც, თუ რატომ გავხსენი ეს თემა. მაინტერესებს რეალურად არის თუ არა პროფ. ფირის კლიენტი საქართველოში და რამდენად აქვს სურვილი იმისა, რომ თბილისში იყოს მსგავსი პროდუქტის ყიდვის საშუალება.?..
P.S. ბოკე გადაიყვანეთ წესიერ სერვერზე, ხანდახან ისე ჭედავს, რომ კარგ მჭედელსაც შეშურდება.. და მომიტევეთ აბდაუბდა ნაწერის გამო...
Added @ [mergetime]1295207874[/mergetime]
კიდევ დავამატებ იმას, რომ საქართვეოს გულისთვის ფირის წარმოება არავის დაუწყია და არც საქართველოს გულისთვის შეწყვეტს ვინმე, მაგრამ ხალხის მოთხოვნა/არმოთხოვნას ყველაფერი შეუძლია.