
"მინდორაშვილი ფინალშია, გოგშელიძე კი "ბრინჯაოსთვის" იბრძოლებს
საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა რევაზ მინდორაშვილმა (84 კგ.), პეკინში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების "თავისუფლების" ტურნირის ფინალში გააღწია და ოლიმპიური "ოქროსთვის" იბრძოლებს.
კიდევ ერთი ქართველი ფალავანი, გიორგი გოგშელიძე, რომელიც 96 და 96 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში დამარცხდა პირდაპირ ბრინჯაოს მედლისთვის მოუწევს ასპარეზობა.
პეკინის აგრარული უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში მიმდინარე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ტურნირი ქართველმა მოჭიდავეებმა მერვედფინალიდან დაიწყეს.
84 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონმა რევაზ მინდორაშვილმა, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა, შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება და გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველ მოჭიდავეს, დავით ბიჩინაშვილს სამ სეტიან დაძაბულ შეხვედრაში (1:4, 2:0, 3:1) მოუგო. მომდევნო წრეში სომეხი არუთინ იენოკიანი ქულებით (2:0, 2:0) დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ფალავანს, გიორგი კეტოევს (ქეთოშვილი) ქულებით დამაჯერებლად (4:2) სძლია და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკეთის წარმომადგენელი იუსუფ აბდუსალომოვი იქნება.
მინდორაშვილის მსგავსად, ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი გოგშელიძე (96 კგ.) პირველ წრეში ისვენებდა. მერვედფინაში კი ყირგიზეთის წარმომადგენელ ალექსეი კრუპნიაკოვს ქულებით (1:0, 1:0) მოუგო. მეოთხედფინალში ასევე ქულებით (3:0, 1:0) დაამარცხა ირანელი საეიდ აბრაჰიმი, თუმცა, ფინალში გადასასვლელ ორთაბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელ თეიმურაზ თიგიევთან მცირე უპირატესობით (1:1, 0:1) უკვე თავად დამარცხდა და რეპეჟაშში გადაერთო და პირდაპირ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ვენესუელელ ლუის ვივენესსა და კუბელ მიშელ ანტონიო ბატისტა მარტინესს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა. "