როგორც იცით, 7 აგვისტოს თბილისის მერიის სპორტისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით რუსთაველის გამზირზე, უკვე ტრადიციად ქცეულ საკვირაო მსვლელობისა და ღონისძიებების პარალელურად, ფოტო-კლუბმა "ბოკე"-მ გამართა ფოტოების გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენაზე გატანილი იყო 30-მდე პოსტერი (A3 ფორმატი), რომლებიც წარმოადგენდა კლუბის წევრთა სამდღიანი ექსპედიციის შედეგს "ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში" და სწორედ ამ პარკის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
გამოფენისთვის მზადება რამდენიმე დღე გაგრძელდა და ორგანიზების ძირითადი ნაწილი სოფო ნადარეიშვილმა იტვირთა.
დადგა 7 აგვისტოც.
18:00-ზე გამოფენა უნდა გახსნილიყო, ამიტომ, ჩვენ ადრე შევიკრიბეთ, "ბოკე"-ს მაისურებში გამოწყობილები. გოგამ სტენდებზე, წინასწარ გამზადებული, ექსპოზიციის ,,შპარგალკები" დაამაგრა და დავიწყეთ ფოტოების გაკვრა.
ამ საქმეში მთელი კლუბი ჩაერთო, ზოგი ფოტოებს ახარისხებდა, ზორი თოკს ჭიმავდა, ზოგიც ფოტოების სისწორეს ამოწმებდა........
ცოტა არ იყოს დაგვცხა, 40 გრადუსს ბევრი არაფერი უკლდა, და არც ნიავი გვანებივრებდა. მაგრამ ყველამ გაგრილების საკუთარი მეთოდი მოძებნა....
მაგდუს კი ისე დასცხა რომ ფოკუსს მარტო გამაგრილებელ საშუალებებზე იჭერდა
მალე ტელევიზიაც გამოჩნდა და რეპორტაჟი კვირას რუსთაველის გამზირზე ჩატარებული კულტურული ღონისძიებების, მათ შორის ფოტოკლუბის გამოფენა-გაყიდვის შესახებ იმედის ღამის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.
ცნობისმოყვარე გამვლელებმა თავი მალევე მოიყარეს.
შეფასებები მრავალგვარი იყო: ზოგს მოსწონდა და აღფრთოვანებას გამოხატავდა, ზოგი იდეის მოპარვას გვაბრალებდა, ზოგმაც კიდევ დარწმუნებით და თავის ქნევით მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა, ეს ფოტოები ინტერნეტიდან მოუპარავთ და დაუბეჭდიათო
დამთვალიერებელთა რაოდენობამ ისე იმატა რომ სტენდების წინ ჯებირების დადგმა მოგვიწია......
ამასობაში შებინდდა, დამთვალიერებლები არ გვაკლდებოდა.....
მერიის წარმომადგენლებმა პროექტორი და სპეციალური ეკრანი მოიტანეს, რომელზეც სტუდია პილიგრიმის მიერ მომზადებული ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში "ბოკე"-ლების ლაშქრობის ამსახველი 15 წუთიანი ფილმი უნდა გაგვეშვა.
მცირე გაუგებრობების შემდეგ, რაც ტექნიკასთან ურთიერთობისას წარმოიშვა, კონტაქტი შედგა
და მოთმინებით მომლოდინე ხალხმაც რამდენჯერმე იხილა ფილმი ჩვენი ექსპედიციის შესახებ, ასევე ინფორმაციული ფილმი ეროვნული პარკის შესახებ.
ბოლოს, ძალიან დაღლილებმა, ძალიან დასიცხულებმა და საინტერესო საღამოთი მაინც ძალიან კმაყოფილებმა ნელ-ნელა დასაშლელად დავიწყეთ მზადება, ფოტოები ჩამოვხსენით, ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს და სტუმრად მოსულ მეგობრებს ვუსახსოვრეთ და გავუდეგით გზას სახლისაკენ.
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამჯერად შეხვედრა არც რესტორნით და არც სახინკლით არ დასრულებულა...ამის თავი არავის არ ჰქონდა
ჰოდა ეს დაგვიანებული რეპორტაჟიც, ცოტა არ იყოს და მშრალი კი გამოგვივიდა, რისთვისაც მკითხველებს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ალბათ მეტნაკლებად მაინც შევძელით თქვენთვისაც გვეჩვენებინა ის, რასაც "ბოკეს" მიერ მოწყობილი პირველი გამოფენა-გაყიდვა ერქვა