როგორც იცით, 7 აგვისტოს თბილისის მერიის სპორტისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით რუსთაველის გამზირზე, უკვე ტრადიციად ქცეულ საკვირაო მსვლელობისა და ღონისძიებების პარალელურად, ფოტო-კლუბმა "ბოკე"-მ გამართა ფოტოების გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენაზე გატანილი იყო 30-მდე პოსტერი (A3 ფორმატი), რომლებიც წარმოადგენდა კლუბის წევრთა სამდღიანი ექსპედიციის შედეგს "ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში" და სწორედ ამ პარკის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
გამოფენისთვის მზადება რამდენიმე დღე გაგრძელდა და ორგანიზების ძირითადი ნაწილი სოფო ნადარეიშვილმა იტვირთა.
დადგა 7 აგვისტოც.
18:00-ზე გამოფენა უნდა გახსნილიყო, ამიტომ, ჩვენ ადრე შევიკრიბეთ, "ბოკე"-ს მაისურებში გამოწყობილები. გოგამ სტენდებზე, წინასწარ გამზადებული, ექსპოზიციის ,,შპარგალკები" დაამაგრა და დავიწყეთ ფოტოების გაკვრა.
ამ საქმეში მთელი კლუბი ჩაერთო, ზოგი ფოტოებს ახარისხებდა, ზორი თოკს ჭიმავდა, ზოგიც ფოტოების სისწორეს ამოწმებდა........
ცოტა არ იყოს დაგვცხა, 40 გრადუსს ბევრი არაფერი უკლდა, და არც ნიავი გვანებივრებდა. მაგრამ ყველამ გაგრილების საკუთარი მეთოდი მოძებნა....
მაგდუს კი ისე დასცხა რომ ფოკუსს მარტო გამაგრილებელ საშუალებებზე იჭერდა
მალე ტელევიზიაც გამოჩნდა და რეპორტაჟი კვირას რუსთაველის გამზირზე ჩატარებული კულტურული ღონისძიებების, მათ შორის ფოტოკლუბის გამოფენა-გაყიდვის შესახებ იმედის ღამის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.
ცნობისმოყვარე გამვლელებმა თავი მალევე მოიყარეს.
შეფასებები მრავალგვარი იყო: ზოგს მოსწონდა და აღფრთოვანებას გამოხატავდა, ზოგი იდეის მოპარვას გვაბრალებდა, ზოგმაც კიდევ დარწმუნებით და თავის ქნევით მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა, ეს ფოტოები ინტერნეტიდან მოუპარავთ და დაუბეჭდიათო
დამთვალიერებელთა რაოდენობამ ისე იმატა რომ სტენდების წინ ჯებირების დადგმა მოგვიწია......
ძალიან ბევრი საინტერესო ხალხი გვესტუმრა... პირველ რიგში ძალიან სასიხარულო იყო, რომ მოვიდნენ (ზოგი "ტიომნად";) , ზოგი კი აშკარად) Nini, Gottfried Lenz, Gogia,Uncas, David, Karllos.... იმედია არავინ გამომრჩა.
ასევე თითოეული ჩვენგანის მეგობრები და ოჯახის წევრები... სტუმრებს შორის იყვნენ დიზაინერები, რომელთც შემოგვთავაზეს თანამშრომლობა, რის შესახებაც ალბათ მალე შეიტყობთ; ჟურნალისტები გაზეთ "ნავიგატორიდან", რომელშიც სამშაბათს, 9 აგვისტოს დაიბეჭდა სტატია კლუბის შესახებ - ინტერვიუ კლუბის პრეზიდენტთან - შოთა მეგრელიშვილთან.
აღსანიშნავია რომ პუბლიკა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო და ნანახი საკმაოდ განსხვავდებოდა იმ წარმოდგენისაგან, რაც ალბათ თითოეულ ჩვენგანს რუსთაველის საკვირაო მსვლელობის შესახებ მანამდე გააჩნდა.
ამ მოხუცმა კი ყველას ყურადღება მიიპყრო.....
ნელნელა გამოჩნდნენ პოსტერების ყიდვით დაინტერესებული გამვლელები, მართალია ზოგიერთს ფასი ეძვირა (25 ლარი), თუმცა 4 ფოტოს მყიდველი მაინც გამოუჩნდა , რაც პირველი გამოფენა-გაყიდვისათვის არცთუ ურიგო შედეგია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფოტოები დამზადებული იყო პოსტერების სახით.