არასამთავრობო ორგანიზაცია სთეფ ფორვარდი „თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურს თემაზე „ჩვენ ვცხოვრობთ ერთად“. ფოტოკონკურსის მიზანია წარმოაჩინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოტო-კლუბ ბოკეს წევრებს. ფოტოკონკურსით დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო თემასთან დაკავშირებული ფოტოები 2009 წლის 10 მაისიდან 2009 წლის 27 მაისის ჩათვლით უნდა ატვირთონ, ფოტოკლუბ ბოკეს ფორუმზე გახსნილ სპეციალურ საკონკურსო გალერეაში არსებული ლიმიტების ფარგლებში.
2009 წლის 28 მაისიდან 2009 წლის 31 მაისამდე საკონკურსო გალერეაში ატვირთულ ფოტოებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება ფოტოკონკურსის ორგანიზატორი ორგანიზაციის და ფოტოკლუბ ბოკეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან.
ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლენილი პირველი 20 ყველაზე რეიტინგული ფოტოს ავტორებმა, 2009 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით გამარჯვებული ფოტოები A3 ფორმატში უნდა გამოგზავნონ შემდეგ საფოსტო მისამართზე adjaraphoto@gmail.com
გამარჯვებული ნამუშევრები გამოიფინება ქ. ბათუმში 2009 წლის 14 ივნისს.
პირველ სამ ადგილზე გასული ფოტოების ავტორთათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:
I ადგილი - 170 ევრო II ადგილი - 130 ევრო III ადგილი - 100 ევრო
ფოტოკონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას გამარჯვებული ფოტოები გამოიყენონ არაკომერციული მიზნით (ბილბორდი, პოსტერი, ბროშურის ან წიგნის ყდა, ა.შ.).
გაითვალისწინეთ, რომ განთავსებული ფოტოსურათები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსო მიზნებს. ფოტოები რომელიც არ შეესაბამება საკონკურსო მიზნებს წაიშლება საკონკურსო გალერეიდან.
პროექტი ხორციელდება ევრო კომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებით ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და თქვენთვის სასურველ კითხვებზე მიიღებთ ამ თემაში.