იყო ასეთი შემთხვევა. შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში. ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან. საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
ანუ, ფოტოგრაფირება გარკვეული რისკის შემცველი გამოდის... საინტერესოა, თუ გადავიღე პატარა ბავშვი და ფოტოსურათი ინტერნეტში გამოვაქვეყნე, ამ დროს ან მისი მშებლები მიჩივლებენ, ან თვითონ ეს ბავშვი, თუნდაც როცა გაიზრდება მაშინ? და, საერთოდ, როცა ფოტოების გადასაღებად მივდივარ, ფოტოაპარატთან ერთად ნოტარიუსიც უნდა ვიყოლიო თან, რომ ოფიციალური ნებართვა ავიღო ყველა იმ პირისაგან ვინც, თუნდაც, შემთხვევით მოხვდება კადრში. (შესაძლოა ვინმემ სიტყვიერი თანხმობის შემდეგ გადათქვას). ისე კი, იქნებ მე თვითონ ვუჩივლო ყველა იმ პირს ვინც რაიმე ობიექტის გადაღებისას კადრში მოხვდება და იდეას გამიფუჭებს?