იყო ასეთი შემთხვევა. შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში. ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან. საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
User-Nikala, კანონით არ იკრძალება ამონარიდი სამოქალაქო კოდექსიდან: მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები 1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე. 2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მუხლის მეხუთე ნაწილი 5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.