მოგესალმებით ძვირფასო მკითხველნო. მოკლედ გავაკეთებ წინასიტყვაობას იმისა რაც თქვენ გელით დღეს და რაც დაგელოდებათ ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე ფოტოკლუბ ბოკეს "ეთერში". გადაცემა "მე ფოტოგრაფი"-ს მიზანი არის უფრო ახლოდან გავიცნოთ ჩვენთვის საყვარელი ავტორები. დავუსვათ მათ კითხვები, მივიღოთ მათგან რჩევები, ვისწავლოთ მათგან ბევრი რამ. მე ხშირად შემიმჩნევია შეცდომაში შეყვანილი დამთვალიერებელი, თავადაც ხშირად შემშლია აზრის ამოცნობა ამა თუ იმ ნამუშევრიდან. იმედი მაქვს ყველაფერი საინტერესოდ ჩაივლის. ბოდიშს გიხდით წინასწარ ხარვეზებისთვის. შენიშვნებისთვის ჩვენი კარი ღიაა. როგორც იხილეთ ბოკეს ფორუმზე დღევანდელი დღის ანონსი, ჩვენი სტუმარი არის საქართველოში ერთერთი საუკეთესო პეიზაჟისტი რუსლან ქირია. ახლა გთავაზობთ ბატონ რუსლანის მოკლე მონათხრობს.
ყველაფერი დაიწყო საკმაოდ ბანალური შემთხვევით, 2004 წელს ძალიან იაფად შევიძინე (120ლარი) ძალიან კარგი ფოტოაპარატი (ნიკონ ფ80 და 2 ობიექტივი), მოპარული არ იყო რაც მთავარია , მოპარული ნივთების შეძენის წინააღმდეგი ვარ. მანამდე საერთოდ არაფერი ვიცოდი ფოტოს და ფოტოსამყაროს შესახებ. ამ აპარატით საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის გადაღება და დახმარებისთვის მივმართე ინტერნეტს, სადაც გავეცანი ფოტოსამყაროს, დავათვალიერე საუკეთესო ფოტოგრაფების ნამუშევრები და დავრჩი გაოცებული. იმ მომენტიდან დავიწყე ფოტოგრაფიის (ცოტა მოგვიანებით ზოგადად ხელოვნების) საკმაოდ ღრმად შესწავლა. 2004წლიდან 2007 წლის ჩათვლით ფოტოგრაფიის(აგრეთვე ხელოვნების) და მათი ისტორიის შესწავლას, გემოვნების დახვეწას, ხელოვნების და ფოტოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრების დათვალიერებას (ყოველდღე მინიმუმ 100 ნამუშევარი), მათ ანალიზს ვანდომებდი და დროს უთმობდი აბსოლუტურად ყოველდღე (გარდა იმ დღეებისა, როდესაც ფოტოგადაღებაზე გავდიოდი) მინიმუმ 10 - 12 საათი, რაც დამიჯერეთ ცოტა ნამდვილად არ არის. ამის მიზეზი ის იყო რომ ფოტოგრაფია გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი და გამიჩნდა რაღაც არაჯანსაღი შემართება, მისწრაფება. მე ალბათ მაქსიმალისტი ვარ ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ მესმის იმ ადამიანების (ამ შემთხვევაში ვინც ფოტოგრაფიით არის დაკავებული) რომლებსაც არ გააჩნიათ ამბიციები, რომ საუკეთესო და სრულყოფილი ნამუშევრები შექმნან, ან თუნდაც გახდნენ საუკეთესოები თავიანთ საქმეში. მე ნამდვილად არ მაინტერესებს ფიზკულტურა, მე მიზიდავს უმაღლესი მიღწევების სპორტი. სწავლების პროცესში უამრავი კითხვა მიჩნდებოდა, რომლებზეც პასუხის მიღება არც თუ ისე იოლი იყო. მაგალითისთვის მაინტერესებდა - რატომ იყო ვან გოგი ბუნებასთან ყველაზე ახლოს დაახლოებული მხატვარი ხელოვნების ისტორიაში? რატომ ითვლება რენესანსის პერიოდში შექმნილი ფორმები საუკეთესოდ? იქნებოდა თუ არა ბრესონი სალგადოზე უკეთესი ფოტოგრაფი, რომ არ ყოფილიყო "მაგნუმი"-ს დამაარსებელი ? რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ საუკეთესო ფოტოგრაფები ამა თუ იმ უნიკალური შედევრის შექმნისას? და ა.შ. ზოგიერთი პასუხის მისაღებად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ სანამ სრულ პასუხს არ მივიღებდი არ ვწყნარდებოდი. რაც შეეხება გადაღების ტექნიკას, მემგონი თითქმის სრულყოფილად შევისწავლე. ჩემთვის მთავარია გადაღების მომენტში არ ვფიქრობდე (არ მიშლიდეს ხელს) იმაზე თუ როგორ მივიღო ესა თუ ის ეფექტი, ეგ ყველაფერი ავტომატურად უნდა ხდებოდეს და ხელს არ უნდა უშლიდეს კადრის შეგრძნებას და კომპოზიციის შედგენას და არ უნდა ტვირთავდეს გონებას. თუმცა პირველივე დღიდანვე ვცდილობ რომ გონებით არ გადავიღო, იმიტომ რომ გონებით და თვალით იმის სრულად დანახვა რაც სრულყოფილმა შემქნელმა (უფალმა) შექმნა, შეუძლებელია. იმაში, რომ ფოტოგრაფიით სერიოზულად ვარ გატაცებული, დიდი როლი ითამაშა ჩემმა პირველმა ფოტოგადაღებამ სამეგრელოს მთებში, სადაც 2 კვირით ვიყავი მარტო ასული(როცა თან მახლავს ვინმე გადაღების მომენტში, კადრებს ისე ვერ ვიღებ) და სადაც ნორმალური შედეგები მივიღე. იმ გადაღებიდან ეს კადრებია:
მინდა შევეხო ასეთ თემას, სწავლას. როდესაც რაიმე პროფესია გიზიდავს, გაინტერესებს, გაქვს კითხვები, უამრავი კითხვები. არ იცი საიდან დაიკმაყოფილო ინტერესის წყურვილი. არის ორი გზა , ერთი ის გზაა რომელიც შენ გაიარე, ანუ დაჯექი თავად მოიძიე ინფორმაციები თავად შეისწავლე პროფესია. არის მეორე, რომ ნახო კარგი პედაგოგი, რომელიც გასწავლის ამას ყველაფერს. შენ თუ გქონია მცდელობა მოგეძებნა მასწავლებელი? ანუ თუ გქონია მცდელობა ვინმესგან გესწავლა რაიმე და თუ კი როგორ განვითარდა მოვლენა?