დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებულ საქონელზე ახალი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა.
რამდენიმე ათეული განაკვეთის ნაცვლად იმპორტიორებს მხოლოდ სამი - 12%, 5% და 0-%-იანი საბაჟო გადასახადის გადახდა მოუხდებათ. საბაჟო გადასახადი მთლიანად განულდება პროდუქციის უმრავლესობაზე, მათ შორის მანქანა-დანადგარებზე, ხე-ტყეზე, ყავასა და საფუარზე, რძის ფხვნილზე, კაკაოზე, ცოცხალ თევზზე, ყველა სახის თესლზე და სათესლე მასალაზე, ფოტო და კინოსაქონელზე, აბრეშუმის, ბამბისა და მატყლის ქსოვილის ნედლეულზე, დაუმუშავებელ ტყავზე, ნატურალურ და ხელოვნურ ბეწვზე, იარაღსა და საბრძოლო მასალებზე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ყველა სახის საათზე, სათამაშოებსა და სპორტულ ინვენტარზე.
საბაჟო ტარიფი უნდა გაუქმებულიყო ხორბლის ფქვილსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე (ჩაი, ხილის წვენები), მაგრამ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია ადგილობრივ მეწარმეთა და დეპუტატთა ერთ ნაწილს (რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ იმპორტზე გადასახადის გაუქმება აგრარულ სექტორს მძიმე დარტყმას მიაყენებს) და 12%-იანი საბაჟო გადასახადი დროებით დატოვა.
12% და 5%-იანი განაკვეთი წლის ბოლომდე დარჩება სამშენებლო მასალებსა და ზოგიერთი სახის მზა პროდუქტზეც. შემდეგ ეს ტარიფები ეტაპობრივად შემცირდება, 2007 წლის იანვრიდან 12-პროცენტიანი განაკვეთი 5 პროცენტამდე დაიწევს, 5-პროცენტიანი უცვლელი დარჩება, ხოლო 2008 წლიდან 5-პროცენტიანი განაკვეთიც განულდება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი შემცირებული საბაჟო განაკვეთები ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის ევროპული საქონლის შემოტანას, რონელიც დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ნედლეულს ჩაენაცვლება.